საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

სუამ-ი მნიშვნელოვანი მოვლენების ქრონოლოგია

 

1996 წელი

მაისში ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ჩატარებულ კონფერენციაზე - «ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შემცირების თაობაზე», გაიმართა შეხვედრა აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის დელეგაციებს შორის. შეხვედრის მსვლელობისას ოთხმა სახელმწიფომ გააკეთა განცხადება და გამოთქვა მზადყოფნა ევროპის ახალი უსაფრთხოების სისტემის შექმნის პროცესში აქტიური თანამშრომლობის შესახებ.
აღნიშნული შეხვედრა საფუძვლად დაედო ზემოხსენებული ქვეყნების სუამ-ის ფარგლებში გაერთიანებასა და შემდგომ თანამშრომლობას.

1997 წელი

10 ოქტომბერს, ქ. სტრასბურგში ევროპის საბჭოს სამიტის მსვლელობისას შედგა შეხვედრა აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის. პრეზიდენტებმა დააფიქსირეს ინტერესთა თანხვედრა ორმხრივი, რეგიონალური და ევროპული უსაფრთხოებისა და პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების საკითხებში. შეხვედრაზე მიღებულ იქნა ერთობლივი კომუნიკე, სადაც აღინიშნა: ტრანს-კავკასიური სატრანსპორტო დერეფნის (TRACECA) შექმნისა და განვითარების პროცესში ოთხი ქვეყნის აქტიური თანამშრომლობის, ევროპული უსაფრთხოებისა და ზოგადად რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში ევროპულ და ტრანს-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის, არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოთხი სახელმწიფოს თანამშრომლობას ეუთო-სა და სხვა ევრო-ატლანტიკური სტრუქტურების ფარგლებში, მათ შორის ახლადშექმნილ ევრო-ატლანტიკური პარტნიორობის საბჭოსა და NATO-ს «პარტნიორობა მშვიდობისათვის» პროგრამის ფარგლებში.

ხსენებული შეხვედრის თარიღი შესაძლოა არაოფიციალურად იქნას დასახელებული სუამ-ის დაარსების თარიღად.

25 ნოემბერს ქ. ბაქოში, სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დონეზე ჩატარებული კონსულტაციების დროს, ხელი მოეწერა ერთობლივ ოქმს, რომელშიც ხაზი გაესვა ოთხ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას, პოლიტიკური ურთიერთქმედების, კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტისა და სეპარატიზმთან ბრძოლის, სამშვიდობო ღონისძიებებსა და ტრანს-კავკასიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარების, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით. აღნიშნული კონსულტაციების დროს მხარეები შეთანხმდნენ    NATO-სთან განსაკუთრებული პარტნიორობისა და დიალოგის დაფუძნებაზე. თანამშრომლობის მთავარ პრიორიტეტად აღიარებულ იქნა ევროაზიური დერეფნის უსაფრთხოება.

1998 წელი

28 აპრილს, დსთ-ს მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის წინ, გაიმართა სუამ-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საკონსულტაციო შეხვედრა-თათბირი, რომელიც მიეძღვნა დსთ-ს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხების თაობაზე პოზიციების შეჯერება-შეთანხმებას.

5 ოქტომბერს, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ვაშინგტონში ვიზიტის დროს სუამ-ის ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელებმა მიიღეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც დეტალურად ჩამოყალიბდა ოთხი სახელმწიფოს თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები (19 ოქტომბერს გამოქვეყნდა ამ შეხვედრის პრეს-რელიზი).

2 დეკემბერს, ქ. ოსლოში ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს მე-7-ე სხდომის ფარგლებში, სუამ-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა გააკეთეს ერთობლივი განცხადება პრესისათვის, რომელშიც აღინიშნა სუამ-ის ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელობა.

1999 წელი

2 აპრილს, დსთ-ს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის შემდეგ, ქ. მოსკოვში, უკრაინის საელჩოში გაიმართა სუამ-ის სახელმწიფოებისა და უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. აღნიშნული შეხვედრა საფუძვლად დაედო სუამ-ის გაფართოვებას. აღსანიშნავია, რომ უზბეკეთის მხარე ამ ღონისძიებაში მონაწილეობდა, როგორც სრულფასოვანი წევრი.

24 აპრილს, ქ. ვაშინგტონში, NATO-ს 50 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებაძე უზბეკეთი სუამ-ის წევრი გახდა და სუამ-ი გადაკეთდა სუაამ-ად.

ივლისში, ფლორენციის სამიტის მსვლელობისას გაიმართა პირველი ოფიციალური შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ქ-ნ მადლენ ოლბრაიტსა და სუუამ-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს შორის. ზემოხსენებულმა შეხვედრან საფუძველი დაუდო ახალ ფორუმს - «სუუამ-აშშ-ის საკონსულტაციო ჯგუფს»  საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე.

სექტემბერში ქ. ვენაში ეუთო-ს სამიტის მსვლელობისას გაიმართა სუუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების მორიგი შეხვედრა. იმავე წლის ბოლოს დაარსდა სუუამ-ის ეროვნულ კოორდინატორთა კომიტეტი.

2000 წელი

13 აპრილს ქ. ბაქოში გაიმართა სუუამ-ის ეროვნულ კოორდინატორთა კომიტეტის (ეკკ) რიგით მეორე სხდომა. შეხვედრაზე განხილულ იქნა საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და სუუამ-ის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. სუუამ-ის ჯგუფის შემდგომი ინსტიტუციონალიზაციის მიზნით, მიზანშეწონილად მიჩნეულ იქნა სახელმწიფო მეთაურთა ყოველწლიური სამიტის მოწვევა და წელიწადში ორჯერ საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომების ჩატარება. ეკკ-ს სხდომები კი კვარტალურად გაიმართებოდა გაერთიანების წევრ-სახელმწიფოებში. ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, გადაწყდა შესაბამისი დოკუმენტის პროექტის მომზადება და მისი ეკკ-ს მესამე სხდომაზე განხილვა.

ეროვნულმა კოორდინატორებმა სხდომაზე დააფიქსირეს პოზიციათა თანხვედრა სხვადასხვა უწყებების მეთაურთა შორის რეგულარული შეხვედრებისა და კონსულტაციების ჩატარების აუცილებლობის შესახებ, განსაკუთრებით ეკონომიკის, ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, უსაფრთხოების, კულტურის, განათლებისა და სასაზღვრო და საბაჟო სფეროებში.

24 აგვისტოს ქ. თბილისში გაიმართა სუუამ-ის ეროვნულ კოორდინატორთა კომიტეტის (ეკკ) რიგით მესამე სხდომა. რომელზეც გაერო-ს ათასწლეულის სამიტის მსვლელობისას სუუამ-ის პრეზიდენტების მორიგი შეხვედრის ორგანიზების მიზნით, ეკკ-მ მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნული შეხვედრისთვის მრავალმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება და უახლოეს პერიოდში თავისუფალი ვაჭრობის ზონის რეჟიმის შემოღება.

6 სექტემბერს ქ. ნიუ-იორკში გაერო-ს ათასწლეულის სამიტის მსვლელობისას შედგა სუუამ-ის წევრი სახელმწიფოების პრეზიდენტების შეხვედრა. შეხვედრაზე მიღებულ იქნა ორი მნიშვნელოვანი დოკუმენტი: აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვას, უკრაინისა და უზბეკეთის პრეზიდენტების ნიუ-იორკის მემორანდუმი და შემაჯამებელი კომუნიკე.

მემორანდუმში და კომუნიკეში პრეზიდენტები შეთანხმდნენ სუუამ-ის ფარგლებში მრავალმხრივი თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობაზე. აგრეთვე გადაწყდა სუუამ-ის ქვეყნების სახელმწიფო მეთაურთა ყოველწლიური სამიტის მოწვევა და წელიწადში ორჯერ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე შეხვედრაების ჩატარება, ხოლო ეროვნულ კოორდინატორთა კომიტეტის სხდომას კი გაიმართებოდა კვარტალურად. მემორანდუმში აგრეთვე განისაზღვრა სუუამ-ის ფარგლებში თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები: ეკონომიკური ზრდისათვის და მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებისათვის ხელის შეწყობა; ურთიერთსასარგებლო სავაჭრო ურთიერთობების დამყარება; პროდუქციის, კომერციის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ეკონომოკის, სასაზღვრო, საბაჟო და ფისკალური სამსახურების, კომუნიკაციების, მეცნიერების, ტექნოლოგიის, განათლებისა და კულტურის სფეროში ერთობლივი პროექტების შემუშავება. მხარეთა მიერ უპირველეს პრიორიტეტად აღიარებულ იქნა ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის უსაფრთხოებისა და ეფექტური ფუნქციონირების ერთობლივი უზრუნველყოფა. მემორანდუმით აგრეთვე გადაწყდა სუუამ-ის პირველი სამიტის 2001 წელს ჩატარება.

23 ოქტომბერს ქ. კიშინეუში გაიმართა  სუუამ-ის ეროვნულ კოორდინატორთა კომიტეტის (ეკკ) მეოთხე სხდომა.

  ეკკ-მ მიზანშეწონილად მიიჩნია მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის წინადადები საფუძველზე, სუუამ-ის საკონსულტაციო საბჭოს რეგლამენტის პროექტის მომზადება და სუუამ-ის სამდივნოს დაარსების შესახებ პროექტის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე დამტკიცება. კოორდინატორებმა აგრეთვე განიხილეს სუუამ-ის მორიგი სამიტის მომზადების საკითხი და გადაწყვიტეს სამიტზე ხელმოსაწერად დოკუმენტების პროექტების მომზადება:

21 დეკემბერს ქ. კიევში გაიმართა ეროვნულ კოორდინატორთა კომიტეტის (ეკკ) რიგგარეშე სხდომა. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ განხილვის მთავარ საგანს წარმოადგენდა 2001 წლის მარტში ქ. კიევში დაგეგმილი სუუამ-ის სამიტის მომზადება. ეკკ-მ აგრეთვე აუცილებლად მიიჩნია სუუამ-ის ფარგლებში პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის გააქტიურება. მოგვიანებით სამიტის ჩატარება გადაიდო 2001 წლის ივნისისთვის.

2001 წელი

20-21 თებერვალს ქ. ტაშკენტში მიმდინარეობდა ეროვნულ კოორდინატორთა კომიტეტის (ეკკ) რიგით მეხუთე სხდომა. ეკკ-მ განიხილა და მოიწონა სამიტზე ხელმოსაწერი სუუამ-ის ქარტიის პროექტი, რომელიც განიხილება, როგორც გაერთიანების ფუძემდებელი დოკუმენტი. აქვე გადაწყდა, რომ მიზანშეწონილი იქნებოდა ქ. კიევში სუუამ-ის საინფორმაციო ოფისის დროებითი დებულების, თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნის შესახებ შეთანხმებისა და სუუამ-ის ფარგლებში საკონსულო საკითხებში ურთიერთდახმარების შესახებ კონვენციის პროექტების ირგვლივ კონსულტაციების გარძელება.

17-18 მაისს ქ. კიევში გაიმართა ეროვნულ კოორდინატორთა კომიტეტის (ეკკ) მეექვსე სხდომა. ისევე როგორც ეკკ-ს წინა ორი შეხვედრა, მეექვსე სხდომის დღის წესრიგიც 2001 წლის სამიტისათვის მზადებას დაეთმო. ეკკ-ს მეექვსე სხდომის მსვლელობისას აგრეთვე გაიმართა სუუამ-ის ქვეყნების ექსპერტთა ცალკეული კონსულტაციები, რომელიც მეტწილად თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნის შესახებ ხელშეკრულების პროექტის მიმოხილვას დაეთმო.

6-7 ივნისს გაიმართა იალტის პირველი სამიტი სუუამ-ის წევრი სახელმწიფოების პრეზიდენტების დონეზე.

იალტის სამიტის მსვლელობისას განხილულ იქნა ორი მნიშვნელოვანი საკითხი: სუუამ-ის ინსტიტუციონალიზაცია და გაერთიანების ფარგლებში ერთიანი თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნა. Aაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები მიესალმნენ სამიტის ჩატარებას და მხარდაჭერა აღუთქვეს სუუამ-ის ქვეყნებს, აგრეთვე მათ გამოხატეს ინიციატივა სუუამ-აშშ-ის შემდგომი თანამშრომლობის გააქტიურების თაობაზე.

სამიტზე ხელი მოეწერა სამ მნიშვნელოვან დოკუმენტს:   სუუამ-ის იალტის ქარტიას, სუუამ-ის  წევრი ქვეყნების კონვენციას საკონსულო საკითხებში ურთიერთდახმარების შესახებ და შეხვედრის დასკვნით კომუნიკეს. სამიტზე აგრეთვე ხაზი გაესვა სუუამ-ის ფარგლებში თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნის შესახებ შეთანხმების პროექტზე მუშაობის დასრულებას.

ქარტია წარმოადგენს სუუამ-ის გაერთიანების დამფუძნებელ დოკუმენტს. ქარტიაში განისაზღვრა გაერთიანების სტრუქტურა, მიზნები, პრინციპები და სუუამ-ის ფარგლებში თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.

სუუამ-ის ჯგუფის მთავარ მიზნებად დასახელდა:
- სოციალური და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა;
- სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაძლიერება და გაფართოვება;
- სატრანსპორტო და საკომუნიკაციო დერეფნების განვითარება და ეფექტური გამოყენება;
- ყველა სფეროში რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
- კულტურის, მეცნიერებისა და სხვა ჰუმანიტარულ სფეროებში ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარება;
- საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ურთიერთქმედება;
- საერთაშორისო ტერორიზმის, ორგანიზებული დამნაშავეობისა და ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა.

სუუამ-ის ჯგუფის ფარგლებში თანამშრომლობის მთავარ პრიორიტეტებად დასახელდა:
- ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობა;
- ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობა;
- ერთობლივი ინვესტიციებისა და ფინანსური პროექტების ფარგლებში ურთიერთქმედება;
- ჰუმანიტარულ, კულტურის, განათლების, მასმედიის, ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობა;
- სხვა სფეროებში თანამშრომლობა, რაც გაერთიანების საერთო ინტერესს წარმოადგენს.

ქარტიაში განისაზღვრა, რომ სუუამ-ის უმაღლესი ორგანოა სახელმწიფოს მეთაურთა ყოველწლიური სამიტი. გაერთიანების ფარგლებში თავმჯდომარეობა წევრი სახელმწიფოების მიერ ლათინური ალფავიტის მიხედვით სახელმწიფო მეთაურთა შეხვედრებს შორის პერიოდში ხორციელდება.

სუუამ-ის აღმასრულებელი ორგანოა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელიც წელიწადში ორჯერ იმართება. ზემოხსენებულ შეხვედრებზე, ძირითადად, განიხილება გაერთიანების მიერ მიღებული შეთანხმებების რეალიზაციის მდგომარეობა, აგრეთვე მიმდინარეობს მზადება სახელმწიფო მეთაურთა სამიტისათვის.

სუუამ-ის სამუშაო ორგანოა ეროვნულ კოორდინატორთა კომიტეტი, რომლის შემადგენლობაშიც წარმოდგენილნი არიან გაერთიანების წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ დანიშნული ეროვნული კოორდინატორები. კოორდინატორთა კომიტეტის სხდომები ძირითადად კვარტალურად იმართება სუუამ-ის წევრ ქვეყნებში როტაციის პრინციპით. ეროვნული კოორდინატორები კოორდინაციას უწევენ და უზრუნველყოფენ საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომებისა და სახელმწიფო მეთაურთა ყოველწლიური სამიტების ჩატარებას.

სუუამ-ის ფარგლებში გადაწყვეტილებები მიიღება კონსენსუსის საფუძველზე, სამუშაო ენებია რუსული და ინგლისური.

იალტის 2001 წლის სამიტის შემაჯამებელ კომუნიკეში პრეზიდენტებმა ხაზგასმით აღინიშნეს, რომ აუცილებელია 2000 წლის ნოემბრის სუუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე მიღებული სამოქმედო გეგმის რეალიზაციის დაჩქარება, რომელიც ეხება ქ. კიევში სუუამ-ის საინფორმაციო ოფისის შექმნას. აგრეთვე მიუთითეს სუუამ-ის გაერთიანებაში დამკვირვებლის სტატუსის მიღების მარეგულირებელი დოკუმენტის შემუშავების აუცილებლობაზე. მხარეები შეთანხმდნენ სუუამ-ის ქვეყნების სამთავრობათშორისი ეკონომიკური ფორუმის 2001 წელს უზბეკეთის რესპუბლიკაში ჩატარების თაობაზე, რომელშიც ასევე მონაწილეობას მიიღებდნენ დაინტერესებული საერთაშორისო ორგანიზაციები.

18-19 სექტემბერს ქ. ბაქოში შედგა სუუამ-ის ეროვნულ კოორდინატორთა კომიტეტის (ეკკ) მეშვიდე სხდომა. თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნის შესახებ ხელშეკრულების პარაფირებისა და უახლოეს ვადებში მისი ხელმოსაწერად მომზადების მიზნით, კოორდინატორებმა შეიმუშავეს რეკომენდაცია 2001 წლის ოქტომბრის II დეკადაში ქ. თბილისში სუუამ-ის უფლებამოსილ წარომომადგენელთა შეხვედრის ორგანიზების თაობაზე.

14 ნოემბერს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 56-ე სესიის ფარგლებში გაიმართა სუუამ-აშშ-ის უმაღლესი დონის შეხვედრა, რომელზეც მიღებულ იქნა ერთობლივი განცხადება. განცხადებაში აღინიშნა, რომ აშშ და სუუამი გააერთიანებენ საკუთარ ძალისხმევას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

2002 წელი

2002 წლის 24-25 იანვარს ქ. თბილისში გაიმართა   სუუამ-ის ეროვნულ კოორდინატორთა კომიტეტის მერვე სხდომა. სუუამ-ის საქმიანობაში და პროექტებში სხვა სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების აქტიური ჩართვის მიზნით, ეკკ-მ განიხილა და შეათანხმა დოკუმენტის პროექტი სუუამ-ში დამკვირვებლის სტატუსის მიღების შესახებ, 2002 წლის სამიტზე წარსადგენად.

17-18 ივლისს, სუუამ-ის სამიტის წინ, ქ. იალტაში შედგა ეროვნულ კოორდინატორთა კომიტეტის რიგგარეშე სხდომა. სხდომაზე განხილულ იქნა სუუამ-ის სახელმწიფო მეთაურთა შეხვედრისა და საგარე საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომის მოსამზადებელი საკითხები და შეათანხმეს სამიტზე ხელმოსაწერი დოკუმენტების პროექტები:

  19-20 ივლისს ქ. იალტაში ჩატარდა სუუამ-ის რიგით მეორე სამიტი. სამიტის ფარგლებში ხელმოწერილ და მიღებულ იქნა რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი:

1. სახელმწიფო მეთაურთა მიერ:
- დეკლარაცია რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ერთობლივი ღონისძიებების შესახებ;
- დებულება სუუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს შესახებ;
- გადაწყვეტილება სუუამ-ის ფარგლებში დამკვირვებლის სტატუსის მინიჭების შესახებ;
- სამიტის შემაჯამებელი კომუნიკე.

2. საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ:
- ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნის შესახებ;
- სუუამ-ის საინფორმაციო ოფისის დროებითი დებულება;
- შეთანხმება სუუამ-ის წევრ სახელმწიფოებს შორის ტერორიზმის, ორგანიზებული დამნაშავეობისა და სხვა საშიში სახის დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

  3. კულტური მინისტრები მიერ:
- ოქმი 2002-2005 წლების განმავლობაში კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

14 სექტემბერს ნიუ-იორკში გაიმართა სუუამ-აშშ-ს შეხვედრა, რომლის შედეგად მიღებულ იქნა ერთობლივი განცხადება. ამ შეხვედრაზე პირველად იქნა განსაზღვრული გაერთიანების ამოცანები აშშ-სთან ერთად ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში კონკრეტული პროექტებისა და პროგრამების შემუშავების მიზნით. აშშ-ს მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ქ-ნი ელიზაბეთ ჯონსი.

18 სექტემბერს ნიუ-იორკში შედგა სუუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს პირველი სხდომა და მიღებულ იქნა ერთობლივი კომიუნიკე. მინისტრებმა დაავალეს ეკკ-ს სუამ-ის დარგობრივი ჯგუფების კომპლექტაციის დაასრულება და ასევე დაწყებულ იქნა მუშაობა დარგობრივი სამუშაო ჯგუფების პრაქტიკული საქმიანობისთვის.

6-7 დეკემბერს პორტოში (პორტუგალია) გაიმართა სუუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მეორე სხდომა. მინისტრთა საბჭომ დაამტკიცა «ვაჭრობისა და ტრანსპორტირების ხელშეწყობის, სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის უზრუნველყოფის, ტერორიზმთან, ორგანიზებულ დანაშაულთან და ნარკოტიკების გავრცელების ბრძოლის სუუამ-აშშ-ს ჩარჩო პროგრამა», რომელიც ითვალისწინებს:

- ტერორიზმთან, ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკოტიკების გავრცელებასა და სხვა საშიში სახის დანაშაულთა წინააღმდეგ  ბრძოლის სუუამ-ის ვირტუალური ცენტრის შექმნას და ამოქმედებას;
- ანტიტერორისტული მიმართულების მონაცემთა გაცვლის ერთიანი საინფორმაციო სივრცის შექმნას;
- საზღვრის დაცვისა და საბაჟო სფეროში სუუამ-ის ქვეყნების თანამშრომლობისა და ურთიერთქმედების განმტკიცების პროექტის რეალიზაციასთან დაკავშირებით წინადადებებს.

მინისტრთა საბჭომ დაამტკიცა თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე სუუამ-ის დარგობრივ სამუშაო ჯგუფებში კოორდინატორი-ქვეყნები:
-             ტერორიზმათან, ორგანიზებულ დამნაშავეობასთან და ნარკოტიკების გავრცელებასთან ბრძოლის - აზერბაიჯანის რესპუბლიკა;
-             კულტურის საკითხებში - საქართველო;
-             განათლებისა და მეცნიერების საკითხებში --საქართველო;
-             საინფორმაციო ტექნოლოგიების საკითხებში - მოლდოვას რესპუბლიკა;
-             ეკონომიკისა და ვაჭრობის საკითხებში - უკრაინა;

საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭომ დაავალა სუუამ-ის თავმჯდომარე-ქვეყანას გააგზავნოს მიმართვა გაერო-ში სუუამ-ის რეგისტრაციის შესახებ, გაერო-ს წესდების თანახმად.

22 დეკემბერს ქ. ვაშინგტონში, სუუამ-აშშ-ს მორიგი შეხვედრის დროს, მიღებულ იქნა «ვაჭრობისა და ტრანსპორტირების ხელშეწყობის, სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის უზრუნველყოფის, ტერორიზმთან, ორგანიზებულ დამნაშავეობასთან და ნარკოტიკების გავრცელებასთან ბრძოლის შესახებ სუუამ-აშშ-ს ჩარჩო პროგრამა», რომელიც ამჟამად ხორციელდება და ითვალისწინებს სამ კონკრეტულ მიმართულებას:

1.ტერორიზმის, ორგანიზებულ დამნაშავეობის, ნარკოტიკების გავრცელებისა და სხვა საშიში სახის დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის სუუამ-ის ვირტუალური ცენტრის შექმნას;
2.ანტიტერორისტული მიმართულების მონაცემთა გაცვლის მიზნით ერთიანი საინფორმაციო სივრცის შექმნას (სახელმწიფოთაშორისი საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრი);
3.თანამშრომლობისა და ურთიერთქმედების განმტკიცება სასაზღვრო და საბაჟო სფეროში.

2003 წელი

22-23 აპრილს კიევში გაიმართა სუუამ-ის ეროვნული კოორდინატორების კომიტეტის მორიგი სხდომა, სადაც განიხილეს ტერორიზმთან, ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკოტიკების გავრცელებასთან და სხვა სახის საშიშ დანაშაულებთან ბრძოლის სუუამ-ის ვირტუალური ცენტრისა და სახელმწიფოთაშორისო საინფირმაციო-ანალიტიკური სისტემის შექმნის პროექტის რეალიზაციის მიმდინარეობა.

    6-7 მაისს ქ. კიევში შედგა სუუამ-აშშ-ის ექსპერტთა შეხვედრა სუუამ-ის ფარგლებში ვაჭრობისა და ტრანსპორტირების ხელშეწყობის პროექტის რეალიზაციის მიზნით სამუშაო გეგმისა და სტრატეგიის შემუშავების თაობაზე, რომელიც გათვალისწინებულია სუუამ-აშშ-ის ჩარჩო პროგრამით.

  22-23 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოსა და სუუამ-აშშ-ის მორიგი სხდომის მომზადების მიზნით, ქ. თბილისში ჩატარდა სუუამ-ის ეროვნულ კოორდინატორთა კომიტეტის რიგგარეშე სხდომა.

  24 მაისს ქ. თბილისში გაიმართა სუუამ-ის სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მესამე სხდომა. შეხვედრას სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ გაერო-ს, ეუთო-ს, ევროკომისიის, მსოფლიო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში თანამშრომლობის ინიციატივისა (SECI) და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) წარმომადგენლები, აგრეთვე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია.

  საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, სუუამ-ის მიერ გაერო-ს გენერალურ ასმბლეაში დამკვირვებლის სტატუსის მიღების მიზნით, გაერთიანების წევრი სახელმწიფოების საქმიანობის კოორდინაციის შესახებ.

ამავე სხდომაზე, სუუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს მესამე სხდომის ფარგლებში გაიმართა სუუამ-აშშ-ის მორიგი შეხვედრა, რომელზეც მიღებულ იქნა ერთობლივი განცხადება.

4 ივლისს ქ. იალტაში (უკრაინა) გაიმართა სუუამ-ის წევრ-სახელმწიფოთა სამიტი, რომელსაც წინ უძღოდა (2003 წლის 1-2 ივლისი) სუუამ-ის ეროვნულ კოორდინატორთა მორიგი შეხვედრა, სუუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მეოთხე სხდომა და სუუამ-აშშ-ის შეხვედრა (2003 წლის 3 ივლისი).

1. სამიტის მსვლელობისას სუუამ-ის წევრ-სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს შემდეგ შეთანხმებებს:
- «ტერორიზმთან, ორგანიზებულ დამნაშავეობასთან, ნარკოტიკების გავრცელებასთან და სხვა საშიში სახის დანაშაულებებთან ბრძოლის წინააღმდეგ სუუამ-ის ვირტუალური ცენტრის შექმნის შესახებ», დანართებით:
- «ტერორიზმთან, ორგანიზებულ დამნაშავეობასთან, ნარკოტიკების გავრცელებასთან და სხვა საშიში სახის დანაშაულებებთან ბრძოლის სუუამ-ის ვირტუალური ცენტრის შექმნის შესახებ შეთანხმების დებულება»;
- «სუუამ-ის სახელმწიფოთაშორისო საინფორმაციო ანალიზური სისტემის ძირითადი პრინციპები»;
- «ურთიერთგაგების მემორანდუმი სუუამ-ის წევრ-სახელმწიფოებს შორის ვაჭრობისა და ტრანსპორტირების სფეროში თანამშრომლობის შესახებ»;
- «სუუამ-ის წევრ-სახელმწიფოთა შორის საგანგებო სიტუაციების აღკვეთისა და მათი შედეგების ლიკვიდაციის შესახებ»;

2. სუუამ-ის წევრ-სახელმწიფოთა განათლების მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას:
- «სუუამ-ის წევრ-სახელმწიფოების განათლების სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ»;

3. სუუამ-ის წევრ-სახელმწიფოთა საბაჟო უწყებების ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას:
- «სუუამ-ის წევრ-სახელმწიფოებს შორის საბაჟო საკითხებში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ»;

4. სუუამ-ის წევრ-სახელმწიფოთა საზღვრის დაცვის უწყებების ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს ოქმს:
- «სუუამ-ის წევრ-სახელმწიფოთა შორის სახელმწიფო საზღვრის დაცვის ორგანოებს შორის თანამშრომლობის შესახებ»;

5. სუუამ-ის წევრ-სახელმწიფოთა მეცნიერებათა აკადემიების პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ოქმს:
- «სუუამ-ის წევრ-სახელმწიფოების მეცნიერებათა აკადემიებს შორის თანამშრომლობის შესახებ».

სამიტის გადაწყვეტილებით, საქართველოს კიდევ ექვსი თვით გაუგრძელდა თავმჯდომარეობის ვადა სუუამ-ში.

26 სექტემბერს ქ. ნიუ-იორკში ჩატარდა სუუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს მე-5 სხდომა და სუუამ-აშშ-ის მორიგი შეხვედრა, რომლის დროსაც განხილულ იქნა სუუამ-ის პროექტების რეალიზაციის მდგომარეობა და მიღებულ იქნა სუუამ-აშშ-ის ერთობლივი განცხადება.

18-19 ნოებმერს ქ. კიევში გაიმართა სუუამ-ის ეროვნულ კოორდინატორთა კომიტეტის (ეკკ) მორიგი სხდომა.
სხდომაზე ეროვნულ კოორდინატორთა კომიტეტმა განიხილა პროექტი სუუამ-ის საინფორმაციო ოფისის შექმნის შესახებ.

2003 წლის დეკემბრის მეორე ნახევარში, აშშ-ს ფინანსური მხარდაჭერით ბულგარელ და რუმინელ ექსპერტებთან, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თანამშრომლობის ინიციატივის ცენტრთან ერთად, ჩატარდა სემინარები ბაქოსა და კიევში, რომლის ფარგლებში ექსპერტების მიერ შემუშავებულ იქნა   «სუუამ-აშშ-ს ჩარჩო პროგრამით» გათვალისწინებული პროექტების სტრატეგია და ერთობლივი მოქმედების გეგმა.

9 დეკემბერს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 58-ე სესიის /RES/58/85 რეზოლუციით სუუამ-მა მიიღო დამკვირვებლის სტატუსი გაერო-ს გენერალური ასამბლეაში.

2004 წელი

26-27 ივნისს ქ. სტამბოლში გაიმართა 28 ივნისს დაგეგმილი სუუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს მეექვსე სხდომის მოსამზადებელი ეროვნულ კოორდინატორთა კომიტეტის რიგგარეშე სხდომა.      

  28 ივნისს ქ. სტამბოლში, ნატო-ს სამიტის მსვლელობისას გაიმართა სუუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს მეექვსე სხდომა. სხდომაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები. სხდომას აგრეთვე ესწრებოდა  აშშ-ის დელეგაცია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ქ-ნ ელიზაბეტ ჯონსის (Assistant Secretary Elizabeth Jones) ხელმძღვანელობით.

    შეხვედრაზე მოხდა სუამ-ის შემდეგი პროექტების დამტკიცება:
- ვაჭრობისა და ტრანსპორტირების ხელშეწყობის პროექტი (Trade and Transport Facilitation);
- ტერორიზმის, ორგანიზებული დამნაშავეობის, ნარკოტიკების გავრცელებისა და სხვა საშიში სახის დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის სუუამ-ის ვირტუალური ცენტრისა (Virtual Center) და სახელმწიფოთაშორისი საინფორმაციო-ანალიზური სისტემის (Interstate Information Management System) შექმნის შესახებ პროეტი.

  2004 წლის 13-14 სექტემბერს ქ. ბათუმში გაიმართა სუუამ-ის წევრი სახელმწიფოების ეროვნულ კოორდინატორთა კომიტეტის (ეკკ) მორიგი სხდომა.

  ქ. კიევში არსებული სუუამ-ის საინფორმაციო ოფისის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილება:
- ეთხოვოს უკრაინის მხარეს საინფორმაციო ოფისის ანგარიშის გახსნა, სუუამ-ის წევრი ქვეყნების ფინანსური ვალდებულებების შესრულების მიზნით.
- სუუამ-ის წევრმა ქვეყნებმა წარადგინონ თავიანთი კანდიდატურები სუუამ-ის საინფორმაციო ოფისში.

ქვეყნებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ინიციატივებთან თანამშრომლობის მიმართულებით, კომიტეტმა მოიწონა აზერბაიჯანის მხარის წინადადება გაერთიანების ფარგლებში «სუუამ-ის პარტნიორის» სტატუსის შემოღებასთან დაკავშირებით და დაავალა აზერბაიჯანის მხარეს «პარტნიორის» სტატუსის შესახებ სათანადო დოკუმენტის პროექტის მომზადება.

კომიტეტმა აგრეთვე მიიღო უკრაინის მხარის წინადადება   2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ქ. კიევში სუუამ-ის ქვეყნების მეთვალყურეთა გაგზავნის თაობაზე.

23 სექტემბერს ქ. კიევში გაიმართა სუუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის დამფუძნებელი სხდომა, რომლის დროსაც ხელი მოეწერა «დეკლარაციას სუუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის დაფუძნების შესახებ» და «სუუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის საპროცედურო წესებს».

2004 წლის 23 სექტემბერს ქ. ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 59-ე სესიის მსვლელობისას, შედგა სუუამ-ის საგარეო საქმეთა მინსტრთა საბჭოს მეშვიდე სხდომა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა. სხდომაზე ხელი მოეწერა დასკვნით კომუნიკეს.

23 სექტემბერს ქ. ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 59-ე სესიის მსვლელობისას, შედგა სუუამ-აშშ-ს შეხვედრა. აშშ-ს დელეგაციას ხელმძღვანელობდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ქალბატონი ელიზაბეთ ჯონსი. მხარეებმა ხელი მოაწერეს სუუამ-აშშ-ის ერთობლივ განცხადებას.

7 დეკემბერს ქ. სოფიაში (ბულგარეთი), ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს მეთორმეტე შეხვედრის მსვლელობისას, შედგა სუუამ-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს მე-8 სხდომა და სუუამ-აშშ-ის მორიგი შეხვედრა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე ხელი მოეწერა დასკვნით კომუნიკეს. აშშ-ის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ბატონი რობერტ ბრადკე (Robert Bradtke). შეხვედრის დასასრულს მიღებულ იქნა სუუამ-აშშ-ის ერთობლივი განცხადება.

2005 წელი

28 იანვარს ქ. კიშინეუში (მოლდოვას რესპუბლიკა) გაიმართა სუუამ-ის ეროვნულ კოორდინატორთა კომიტეტის მორიგი სხდომა, რომლის დროსაც  განხილულ იქნა სუუამ-ის საინფორმაციო ოფისის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები

4 მარტს ქ. კიშინეუში გაიმართა სუამ-ის სამიტის მოსამზადებელი ეროვნულ კოორდინატორთა კომიტეტის სხდომა.

15 აპრილს ქ. კიევში შედგა საექსპერტო მრგვალი მაგიდა თემაზე «სუუამ-ის სახელმწიფოთა პარტნიორობის პერსპექტივები ევროპული და გლობალური უსაფრთხოების სისტემაში», ხოლო 16 აპრილს ჩატარდა სუუამ-ის ქვეყნების ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნების შეხვედრა, რომლის დროსაც განხილულ იქნა სუუამ-ის ფარგლებში თანამშრომლობის განვითარების პრესპექტივები და ახალი ეკონომიკური, ენერგეტიკული და სხვა ინიციატივები მათი შემდგომი შესწავლისა და შემუშავების მიზნით, კერძოდ:ქ. კიშინეუში სუუამ-ის საინვესტიციო ბანკის შექმნა; სუუამ-ის ფარგლებში ერთიანი სატარიფო პოლიტიკის გატარება; «დუნაის მიმდებარე რეგიონის ენერგეტიკული ხიდის» პროექტში (რომელიც ითვალისწინებს პროექტის ექპერტულ დონეზე შესწავლის შემდეგ, უკრაინის მეშვეობით, ელექტროენერგიის ექსპორტს საქართველოში; ბალტიის გამოცდილების შესწავლის აუცილებლობიდან გამომდინარე სუუამ-ის უსაფრთხოების კოლეჯის შექმნის მიზანშეწონილობა საქართველოში.

21 აპრილს ქ. კიშინეუში (მოლდოვას რესპუბლიკა), შედგა სუუამ-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს მე-9 სხდომა. შეხვედრაზე მიღებულ იქნა შემდეგი დოკუმენტები:სუუამ-ის 2005 წლის სამოქმედო გეგმა; გაეროს ფარგლებში სუუამ-ის წევრი ქვეყნების 2005 წლის სამოქმედო გეგმა; ვენაში მყოფი საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის განვითარების სუუამ-ის წევრი ქვეყნების 2005 წლის სამოქმედო გეგმა; სუუამ-აშშ-ს ერთობლივი განცხადება. შეხვედრის დასასრულს ხელი მოეწერა ოქმს.

22 აპრილს ქ. კიშინეუში, შედგა სუუამ-ის მორიგი სამიტი, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკის, უკრაინის, რუმინეთისა და ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტებმა, ასევე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, ევრაზიის საკითხებში უფროსმა მრჩეველმა სტივენ მანმა, ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა იან კუბიშმა და მოლდოვას რესპუბლიკაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა. სამიტის დროს გადაწყდა სუამ-ის გაერთიანების ბაზაზე ახალი სრულფასოვანი საერთაშორისო რეგიონული ორგანიზაციის შექმნა.

სუუამ-ის სამიტზე მიღებულ იქნა:
-        სუუამ-ის სამიტის კომუნიკე;
-        აზერბაიჯანის, საქართველოს, ლიტვის, მოლდოვას, რუმინეთისა და უკრაინის სახელმწიფო მეთაურების ერთობლივი განცხადება.

ხელმოწერილ იქნა:
-        სუუამ-ის სახელმწიფო მეთაურების კიშინეუს დეკლარაცია «დემოკრატიის, სტაბილურობისა და განვითარებისათვის»;
-        შეთანხმება სუუამ-ის მონაწილე სახელმწიფოთა ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროებს შორის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ;
-        შეთანხმება სუუამ-ის მონაწილე სახელმწიფოთა სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის საგამოფენო-სავაჭრო საქმიანობის სფეროში.

29 აპრილს უზბეკეთის პრეზიდენტმა ისლამ კარიმოვმა ოფიციალურად მიმართა სუამ-ში თავმჯდომარე ქვეყნის მოლდოვას პრესიდენტს უზბეკეთის სუამ-იდან გასვლის თაობაზე. აღნიშნულის ძიღითად მიზეზად დასახელდა სამიტის დროს დასახული ახალი მიზნებისა და პრიორიტეტების უზბეკეთის ინტერესებთან შეუთავსებლობა. სუუამ-ი კვლავ ტრანსფორმირდა სუამ-ად.

28 მაისს ქ. იალტაში, უკრაინა, ჩატარდა სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის მე-2 სხდომა. სხდომის ძირითადი შედეგი იყო ასამბლეის მიერ სუამ-ის ფარგლებში სამი კომიტეტის შემადგენლობის დამტკიცება: პოლიტიკურ სამრთლებრივ საკითხებში; სავაჭრო-ეკონომიკურ და მეცნიერების, კულტურისა და განათლების საკითხებში.

7-9 სექტემბერს, ქ. ნიუ-იორკში, ეროვნულ პარლამენტთა თავმჯდომარეების მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა სუამ-ის ქვეყნების პარლამენტთა თავმჯდომარეების შეხვედრა. შეხვედრაზე განხილულ იქნა სუამ-ის საერთაშორისო რეგიონალურ ორგანიზაციად ტრანსფორმაციის საკითხი და პარლამენტების როლი სუამ-ის ქვეყნების ტერიტორიებზე კონფლიქტების მოგვარების საქმეში.

3 ნოემბერს ქ. კიშინეუში გაიმართა სუამ-ის წევრი სახელმწიფოების უშიშროების საბჭოს მდივნების მორიგი შეხვედრა, რომლის დროსაც განხილულ იქნა სუამ-ის ფარგლებში უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.

5-6 დეკემბერს, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს შეხვედრის ფარგლებში შედგა სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, სადაც განხილული იქნა სუამ-ის 2005 წლის 22 აპრილის კიშინეუს სამიტის გადაწყვეტილებების შესრულების მიმდინარეობა და სუამ-ის შემდგომი განვითარების აქტუალური საკითხები. ამავე შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს პლენარულ სხდომაზე, სუამ-ის სახელით, ერთობლივი განცხადების გაკეთების თაობაზე.

19 დეკემბერს, ქ. კიშინეუში ჩატარდა სუამ-ის ეროვნულ კოორდინატორთა მორიგი სხდომა, სადაც განხილული იქნა 2005 წლის განმავლობაში სუამ-ის ფარგლებში განხორციელებული თანამშრომლობის შედეგები და განისაზღვრა 2006 წლის პირველ კვარტალში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების კონკრეტული მიმართულებები. საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დასამტკიცებლად წარედგინა მათი 2006 წლის თანამშრომლობის სამუშაო გეგმის პროექტი. მოწონებული იქნა და დასამტკიცებლად გადაეცა სუამ-ის ვაჭრობისა და ტრანსპორტირების ხელშეწყობის პროექტის ხელმძღვანელი სამდივნოს დებულების პროექტი. ამავე სხდომაზე, მხარი დაეჭირა აზერბაიჯანის მხარის ინიციატივას ბაქოში სუამ-ის ექსპერტთა შეხვედრის ჩატარების შესახებ, რეგიონში არსებული კონფლიქტებისა და კოსოვოს პრობლემის მოწესრიგების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებების მიმართ, სუამ-ის ქვეყნების ერთობლივი პოზიციის შემუშავებასთან დაკავშირებით;

21-22 დეკემბერს, ქ.კიევში გაიმართა სუამ-ის ექსპერტთა შეხვედრა,  სუამ-ის კიშინეუს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების - სუამ-ის ბაზაზე სრულყოფილი რეგიონალური საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნასთან დაკავშირებით - ფუძემდებლური დოკუმენტების მომზადებისა და შეთანხმების საკითხებზე.

2005 წლის განმავლობაში ჩატარდა ექსპერტთა სამი (აგვისტო, ნოემბერი, დეკემბერი) შეხვედრა სუამ-ის ბაზაზე ახალი საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაციის შექმნისთვის საჭირო საწესდებო დოკუმენტების შემუშავების მიზნით.

2006 წელი

9-10 თებერვალს თბილისში ჩატარდა სუამ-ის ექსპერტთა შეხვედრა ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე, როგორც მოსამზადებელი შეხვედრა თებერვლის ბოლოს, ქ.ბაქოში, მინისტრის მოადგილეების დონეზე სათანადო შეხვედრის ჩასატარებლად. ესქპერტთა შეხვედრისას ხელმოწესრილი იქნა შეხვედრის ოქმი, და გადაწყდა უახლოეს პერიოდში ამავე საკითხებზე ჩატარდეს უფრო მაღალი დონის შეხვედრა, სადაც განიხილება ცენტრალური აზიისა და კასპიის რეგიონის ენერგომატარებლების ევროპაში მიწოდების არსებული და ალტერნატიული მარშრუტები;

22 თებერვალს თბილისში ჩატარდა სუამ-ის ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეების შეხვედრა ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ერთობლივ ბრძოლასთან დაკავშირებულ საკითხებზე. განხილული იქნა შესაბამისი სტრუქტურების თანამშრომლობის 2006 წლის სამოქმედო გეგმა და დაისახა თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მიმართულებები.

    23 თებერვალს, ქ.ბაქოში ჩატარდა სუამ-ის ეროვნულ კოორდინატორთა სხდომა, სადაც განხილული იყო სუამ-ის 2006 წლის თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა, სუამ-ის ბაზაზე ახალი რეგიონალური ორგანიზაციის შექმნის ფუძემდებლური დოკუმენტების მომზადებისა და მათი შეთანხმების პრობლემური საკითხები, მიღებული იქნა გადაწყვეტილება 2006 წლის მაისის ბოლოს სუამ-ის მორიგი სამიტის კიევში გამართვის თაობაზე და სამიტზე ახალი რეგიონალური ორგანიზაციის ფორმირების შესახებ ოფიციალური განცხადებისა და ყველა აუცილებელი საბაზისო დოკუმენტების ხელმოწერის შესახებ.

23 თებერვალს, ასევე გაიმართა სუამ-ის ექსპერტთა შეხვედრა რეგიონში არსებული კონფლიქტებისა და კოსოვოს კონფლიქტთან მიმართებაში მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით სუამ-ის ქვეყნების პოზიციის ჩამოყალიბების საკითხებზე. გადაწყდა სუამ-ის ფარგლებში კონფლიქტების საკითხების სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრის ჩატარება და რეგიონალური კონფლიქტების მოგვარების სუამ-ის მოდელის შემუშავების მიზანშეწონილობა. კოსოვოს საკითხთან დაკავშირებით, მხარეებმა მკაფიოდ დააფიქსირეს სუამ-ის ქვეყნების პოზიცია კოსოვოს პრობლემის გაერო-ს შესაბამისი რეზოლუციის (1244) ფარგლებში გადაწყვეტის მიზანშეწონილობასა და ამ პროცესის უნივერსალურ მოდელად სხვა კონფლიქტების მიმართ გამოყენების მიუღებლობასთან დაკავშირებით;

24-25 თებერვალს ქ.ბაქოში ჩატარდა სუამ-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა და ენერგეტიკის მინისტრთა მოადგილეების შეხვედრა ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ცენტრალური აზიისა, კასპიის რეგიონისა, ევროპის რიგი ქვეყნებისა და ა.შ.შ.-ს წარმოიმადგენლებმა (ყაზახეთი, ირანი, თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, იტალია, საბერძნეთი, ავსტრია, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი, ა.შ.შ. და ა.შ.). სხდომის შედეგად მიზანშეწონილად ჩაითვალა გაგრძელდეს მუშაობა ამ მიმართულებით, ჩატარდეს უახლოეს პერიოდში სამხრეთკავკასიიდან თურქეთისა და უკრაინის მიმართულებით ახალი ენერგომარშრუტების განსაზღვრის მიზნით, რენტაბელობის გათვლის ღონისძიებები. ყველა მონაწილემ ერთხმად დაუჭირა მხარი ევროპის ენერგომომარაგების დივერსიფიკაციის აუცილებლობას და ამ მიზნით სუამ-ის რეგიონის აქტიურად გამოყენების მიზანშეწონილობას;

13-14 მარტს, კიევში ჩატარდა სუამ-ის ექსპერტთა შეხვედრა, სუამ-ის ბაზაზე ახალი რეგიონალური საერთაშორისო ორგანიზაციის შესაქმნელად საჭირო ფუძემდებლური დოკუმენტების პროექტების საბოლოო შეთანხმების მიზნით. შეხვედრაზე განხილული იქნა ექსპერტთა 2005 წლის 21-22 დეკემბერის სხდომაზე ნაწილობრივ შეთანხმებული ორგანიზაციის წესდების პროექტი. ამასთან, 22-23 მაისს, სუამ-ის სამიტის კიევში სავარაუდოდ ჩატარებასთან დაკავშირებით, მიზანშეწონილად ჩაითავალა უახლოეს პერიოდში ეროვნულ კოორდინატორთა და ექსპერტთა ერთობლივი სხდომის ჩატარება, ფუძემდებლური დოკუმენტების დროულად შესათანხმებლად.

25-26 აპრილს ქ. კიევში ჩატარდა ეროვნულ კოორდინატორთა კომიტეტის სხდომა, რომლის ძირითადი მიზანი იყო სამიტის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება. შეხვედრაზე შეთანხმდა ორგანიზაციის წესდება და სამდივნოს დებულება. აგრეთვე შეხვედრაზე შეთანხმდა სუამ-ის გაერთიანების ახალი სახელწოდება - დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია -სუამ-ი.

11-12 მაისს ქ. კიევში შედგა სუამ-ის ექსპერტთა მეხუთე შეხვედრა, რომლის დროსაც შეთანხმებულ იქნა სუამ-ის ბაზაზე ახალი რეგიონალური საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნისათვის საჭირო ფუძემდებლური დოკუმენტების (ფინანსური დებულება, პროცედურული წესები) პროექტები. Pარალელურად აგრეთვე მიმდინარეობდა სუამ-ის ქვეყნების ექსპერტთა შეხვედრა სუამ-ის მონაწილე სახელმწიფოების საქონლის წარმოშობის დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ ოქმის შეთანხმების მიზნით.

20-21 მაისს, ქ.კიევში გაიმართა სუამ-ის ეროვნულ კოორდინატორთა კომიტეტის სხდომა, რომლის დროსაც განხილულ და შეთანხმებულ იქნა სამიტზე ხელმოსაწერი და მისაღები დოკუმენტების პროექტები.

22-23 მაისს ქ. კიევში ჩატარდა სუამ-ის მორიგი სამიტი, რომლის დროსაც გაერთანების ბაზაზე შეიქმნა ახალი ორგანიზაცია დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ი. ახალი ორგანიზაციის შექმნა ოფიციალურად გაფორმდა სუამ-ის ქვეყნების სახელმწიფო მეთაურთა მიერ კიევის შესაბამისი დეკლარაციის, ორგანიზაციის წესდებისა და სხვა დამფუძნებელი დოკუმენტების ხელმოწერით.

სამიტის ფარგლებში გაიმართა აგრეთვე სუამ-ის წევრი სახელმწიფოების ეროვნულ კოორდინატორთა კომიტეტის სხდომა, საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს მე-11 სხდომა, სუამ-აშშ-ის მორიგი შეხვედრა, ეკონომიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის მინისტრებისა და საბჟო სამსახურების ხელმძღვანელთა ერთობლივი შეხვედრა და სამართალდამცავი ორგანოებისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთა შეხვედრა.

სამიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ახალი ორგანიზაციის საწესდებო დოკუმენტებს და სხვა მნიშვნელოვან შეთანხმებებს და გადაწყვეტილებებს:

1. პრეზიდენტების მიერ:
-   კიევის დეკლარაცია დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის შექმნის შესახებ
-   დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის სახელმწიფო მეთურთა ერთობლივი დეკლარაცია კონფლიქტების მოგვარების საკითხთან დაკავშირებით;
-   დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის წესდება;
-   სამიტის კომუნიკე.

2. მინისტრების მიერ:
-   გადაწყვეტილება ახალი ორგანიზაციის პროცედურული წესების, სამდივნოს დებულებისა და ფინანსური დებულების დამტკიცების შესახებ;
-   სუამ-აშშ-ის ერთობლივი განცხადება;
-   ოქმი სუამ-ის მონაწილე სახელმწიფოების საქონლის წარმოშობის დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ;
-   შეთანხმება სუამ-ის წევრი სახელმწიფოების დიპლომატიური კადრების მომზადების შესახებ.

სამიტზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ახალი სუამ-ის საქმიანობა მიმართული იქნება დემოკრატიის გაძლიერების, კანონის უზენაესობის დაცვის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემის, სახელმწიფოთა ეკონომიკური განვითარების  და რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისაკენ.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ადამიანის უფლებები

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ