მოგესალმებით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინტერნეტ-გვერდზე.
ჩვენი გვერდის მიზანია, საკუთარი წვლილი შეიტანოს ჩვენს ქვეყნებს შორის წარმატებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საქმეში. დღეს ქართულ-გერმანული ურთიერთობები ძალზედ დინამიურად ვითარდება. ეს ურთიერთობები ემყარება მჭიდრო პოლიტიკურ პარტნიორობას ორმხრივ, ევროპულ და საერთაშორისო დონეზე, ინტენსიურ კოოპერაციას ეკონომიკის და კულტურის სფეროებში, აგრეთვე უამრავ პირად კონტაქტს. მათი განვითარებაზე ზრუნვა, ჩემთვის, როგორც საქართველოს ელჩისთვის, ერთი-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
გვსურს, ამ გვერდის საშუალებით მაქსიმალურად მარტივად მოგაწოდოთ ინფორმაცია საელჩოს სტრუქტურის, შესაბამისი საკონტაქტო მონაცემების და ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ.
აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ კონკრეტულ პროცედურებს (მაგ. პასპორტის და ვიზის გაცემის თაობაზე), შეიტყოთ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მოვლენებისა და ქართულ-გერმანული ურთიერთობების თანამედროვე მდგომარეობის შესახებ.
მსურს, უკეთესად გაგაცნოთ ჩემი ქვეყნის ცხოვრების მრავალფეროვანი კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ასპექტები. საქართველო, ოქროს საწმისის ქვეყანა, თავისი დათოვლილი მწვერვალებით და შავი ზღვის მზიანი პლაჟებით, უძველესი ისტორიით და გასაოცარი კულტურით, მომაჯადოვებელი ბუნებით და სიცოცხლისმოყვარე ხალხით, დაახლოებით ისეთივე სიდიდის არის, როგორც ბავარია და მოსახლეობის რაოდენობით რაინლანდ-პფალცს არ აღემატება. 2001 წლიდან საქართველო ითვლება უძველესი ევროპელის სამშობლოდ: დმანისში, თბილისის სამხრეთით, აღმოჩენილი თავის ქალა უძველესია აფრიკის კონტინენტის ფარგლებს გარეთ აღმოჩენილ ჰომინიდის ნაშთებს შორის.
საქმიან ადამიანებს ვთავაზობ ყურადღებით გაეცნონ ისეთ რუბრიკებს, როგორიცაა ვაჭრობა, მომსახურება, ინვესტიციები და ეკონომიკური რეფორმები, სადაც არა მხოლოდ მიიღებთ აქტუალურ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის შესახებ, არამედ გაეცნობით საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს, ბიზნეს-პერსპექტივებს, მოიპოვებთ შესაძლო საქმიანი პარტნიორების საკონტაქტო ინფორმაციას. საქართველოს სტრატეგიულად მომგებიანი მდებარეობა, ეკონომიკური ზრდისა და განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. რეგიონში ყველაზე დაბალი საშემოსავლო გადასახადის, ლიცენზირების ყველაზე მარტივი პროცედურის და ყველაზე ლიბერალური შრომის კანონმდებლობის გამო, ასევე სტაბილური მაკროეკენომიკური გარემოსა და კორუფციის წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლის შედეგად მსოფლიო ბანკმა საქართველო მსოფლიოს ნომერ პირველ რეფორმატორ ქვეყანად დაასახელა.
ინტერნეტ-გვერდზე მნიშველოვანი ადგილი ეთმობა საკონსულო საკითხებს, რაც შესაძლოა საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდეს როგორც გერმანიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე საქართველოში გამგზავრების მსურველი უცხოელებისთვის.
ყველას, ვისაც პროფესიული ან პირადი ინტერესის გამო, სურს მეტი შეიტყოს საქართველოს შესახებ, შეუძლია, ამ მიზანს ჩვენთან ერთად მიაღწიოს. ჩვენი ვებ-გვერდი არის ინსტრუმენტი, რომელიც დაგეხმარებიათ საქართველოს შესახებ გაჩენილ კითხვებზე პასუხის მოძიებაში. და თუკი მაინც ფიქრობთ, რომ რომელიმე კითხვა უპასუხოდ დარჩა, ნუ მოგერიდებათ, დაგვიკავშირდით ელექტრონული ფოსტის, წერილის ან ტელეფონის საშუალებით. ბერლინში საქართველოს საელჩოს თანამშრომლები და მე მოხარული ვიქნებით ვუპასუხოთ თქვენს კითხვებს.
კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით თქვენი ინტერესისთვის და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს.
ლევან დუჩიძე
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში |